ეროვნული ბანკი: მაისში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის და ზეთის გაძვირებამ იმოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა.

მათივე სტატისტიკით, მაისში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის და ზეთის გაძვირებამ იმოქმედა.

“მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის (ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით) და მზესუმზირის ზეთის (0.1 პპ-ით) გაძვირებამ იმოქმედა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.4 პპ-ით, კომუნალურ გადასახადები ახდენდა. როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ ამის მიზეზი მეტწილად კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულებაა.

მაისში საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 1.3 პპ-ს მიაღწია. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13.4 პროცენტით გაძვირდა (1.0 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა. ამის გარდა, წინა პერიოდებში ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სხვა პროდუქტების გაძვირებაზეც იმოქმედა. სურსათის წლიური ინფლაცია 2.9 პროცენტს, ხოლო წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.9 პპ-ს გაუტოლდა. აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე გაძვირების გამო მზესუმზირის ზეთზე ფასის მკვეთრი, 85 პროცენტიანი, მატება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.6 პპ-ით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით კარტოფილის და ვაშლის გაიაფება მოქმედებდა, შესაბამისად, 0.9 და 0.3 პპ-ით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.4 პროცენტამდე შემცირდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები