ბესიკ ხარძიანის ოჯახმა კუს ტბის წილებთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოში მოიგო – “შენ ისევ გაიმარჯვე”

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახმა კუს ტბის წილებთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოში მოიგო. ამის შესახებ ბიზნესმენის შვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბესო ხარძიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არა მარტო ოჯახისთვის, არამედ, ასევე, სახელმწიფოსთვის.

,,შენ ისევ გაიმარჯვე, ახლა უკვე მაქედან, სადაც მართალნი განისვენებენ!

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო ამბობს, რომ 2011 წელს ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების ნების გამოვლენაში უკანონო ჩარევას და ბათილად იქნა ცნობილი ბესო ხარძიანის ციხეში წამების შედეგად დადებული “კუს ტბის” წილების ნასყიდობის ხელშეკრულება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არა მარტო ოჯახისთვის, არამედ, ვფიქრობ, რომ მთლიანად როგორც სასამართლოსთვის, ასევე, სახელმწიფოსთვის, რადგან სახელმწიფო შენდება და დგას დამოუკიდებელ და, რაც მთავარია, სამართლიან სასამართლოზე, სადაც დაცული უნდა იყოს ადამიანისა და კერძო საკუთრების უფლება.
არ შემიძლია, რომ არ ვთქვა, დღეს სასამართლო იყო დამოუკიდებელი და თავისუფალი, რომელმაც არ წაგვართვა იმედი და გზა სამართლიანობის აღდგენის, რომელსაც 10 წელია გავდივართ.
მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იზიარებთ ამ გამარჯვებას და მინდა ვუსურვო ყველა დაჩაგრულ ადამიანს სამართლიანობის განცდა და შეგრძნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ადამიანის არსებობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მალხაზ სალაყაიას საადვოკატო ოფისს, ქალბატონ ლამარა კობალაძეს და მანანა ნასარიძეს. ასევე დიდი მადლობა პაატა კიკვიძეს, რომელმაც უდიდესი შრომა გაწია და ქეთა ხარძიანს, რომელიც ალბათ არ მიიღებს ამ მადლობას, მაგრამ ისიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და იცავდა მამაჩვენის უფლებებს.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და არ უნდა დაირღვეს ცხოვრების კანონზომიერება,” – წერს ბესო ხარძიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები