მარინა ეზუგბაია – „ასტრაზენეკაზე“: ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, მარაგი არსებობს
„ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, მარაგი არსებობს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, აუცილებელია, გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე.
,,თბილისის ინფექციური საავადმყოფო პირველი დღიდან ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, საჭირო, აუცილებელია, გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე. ასევე, აუცილებელია, გამოვიყენოთ კვირის შვიდივე დღე, თუ ასე მოვიქცევით, 50 პროცენტით გაიზრდება გამტარუნარიანობა.
„ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, ამ ვაქცინას აქვს ხანგრძლივი პერიოდი პირველი დოზიდან მეორე დოზით ვაქცინაციამდე, ოთხი კვირიდან 12 კვირამდე, ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. დღეს არსებულ მარაგს ვანაწილებთ ასე, ვისაც ათი კვირა უსრულდება, ასეთ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ. აქედან გამომდინარე, მეათე კვირაზე ვაქცინაცია კარგია, რადგან იმუნური პასუხი ამ დროს არის ძალიან კარგი. მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, მარაგი არსებობს და ათი კვირა ვისაც შეუსრულდება, ყველა აიცრება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.