ქართულ-გერმანულმა კოპროდუქციამ „ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა
სტრასბურგმა ევროპის საბჭოს კინოფონდ „ევრიმაჟის” მორიგ, 163-ე სამუშაო სესიას ონლაინფორმატში უმასპინძლა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ევრიმაჟის” გადაწყვეტილებით, 163-ე სამუშაო სესიაზე სულ 49 ფილმის პროექტი დაფინანსდა 10,816,000 ევროს ოდენობით, მათ შორის ქართულ-გერმანული კოპროდუქცია „გონდოლა”. ფილმის რეჟისორია ფაიტ ჰელმერი, ხოლო კოპროდიუსერი – ციაკო აბესაძე. გადაღებები საქართველოში, კერძოდ კი, ხულოს რაიონში იგეგმება.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 17 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ქართული პროექტების დასაფინანსებლად კი გაცემულია 3 322 322 ევრო.
2019 წლის ივლისიდან „ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე იკავებს.