კარლ ჰარცელი: ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიღწეული პროგრესი
“ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიღწეული პროგრესი, განვიხილეთ ნაბიჯები, რათა ბავშვების კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
„ახლახან დავესწარი შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოს, სამინისტროსა და ჯანდაცვის მუშაკების მონაწილეობით გამართული ჩვენი წინა შეხვედრის გაგრძელებაა, რომელსაც ასევე ესწრებოდა იუნისეფ-ი და ვორლდ ვიჟენი. პირველ ყოვლისა, განვიხილეთ ვითარება ნინოწმინდაში. ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში მიღწეული პროგრესი, ვგულისხმობ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების უმეტესობის დეინსტიტუციონალიზაციას და იქ დარჩენილი არასრულწლოვნების მონიტორინგს, რომელიც გრძელდება. ახლა ვხედავთ ღიაობასა და გამჭვირვალობას, რაც აუცილებლად არის საჭირო და ძალიან კარგია. განვიხილეთ ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფოკუსი ბავშვების კეთილდღეობაზე. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა უფრო ფართო საკითხებზე, რომელიც უკავშირდება დეინსტიტუციონალიზაციას. არსებობს გაერთიანებული ინტერესი, რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველა მხარისგან ვიგრძენი. იქნება სხვადასხვა ქმედება, რათა დისკუსია წინ წავიდეს და ასევე ნარატივი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ამ გადამწყვეტ საკითხზე რეალური ნაბიჯები გადავდგათ წინ“, – განაცხადა ჰარცელმა.