რა უნდა იცოდეთ, თუ გველს დაინახავთ ან ქვეწარმავალი გიკბენთ – ჰერპეტოლოგის რეკომენდაციები
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს ან ქვეწარმავალი უკბენს – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ჰერპეტოლოგმა მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართა.
„ივლისში, აგვისტოში, ცხელი დღეების პერიოდში ტრიალ მინდორში შუადღისას გიურზასთან ან ნებისმიერ გველთან შეხვედრის ალბათობა 1 %-ია. ამ დროს ქვეწარმავალი ვერ აქტიურობს. პაპანაქება სიცხეში მისი სხეული გადაიწვება და კვდება. დილის, საღამოსა და ღამის საათებში, როდესაც გიურზის აქტივობა ყველაზე მაღალია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ არეალებში, სადაც მასთან შეხვედრის ალბათობა დიდია, უსაფრთხოდ გადავაადგილდეთ. თუ გვეჭირება ჯოხი, ჩვენ წინ თუ მაღალი ბალახია, გადავწიოთ. მილიონში ერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა შეიძლება, გველს ფეხი დაადგას. ძირითადად, ყველა ქვეწარმავალი, მათ შორის, გიურზა, როდესაც მისი მიმართულებით მივდივართ, ჩვენგან გარბის. თუ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანმა ფეხი დაადგა და გველმა დაკბინა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა გამოვიძახოთ, არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში, არ ვირბინოთ. უმჯობესია, დაველოდოთ სასწრაფოს. ამ ხნის განმავლობაში უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. არ შეიძლება ნაკბენი ადგილის დასერვა, ამოწვა, ამოწოვა, ლახტის დადება. ელასტიური ბინტის ოდნავ გადახვევა შეგვიძლია, რომ სისხლის მიმოქცევა ოდნავ შევაჩეროთ. მაგრამ იმ დონეზე გადაჭერა არ შეიძლება, რომ სისხლი გაჩერდეს.
ქვეწარმავლებთან შეხვედრის შემთხვევებია ეზოებში, სარდაფებში. ეზოში არ უნდა იყოს ისეთი გარემო, სადაც გველი თავს კომფორტულად იგრძნობს, ესაა მაღალი ბალახი, სამშენებლო ნარჩენები. ასეთი რაღაცები არ უნდა იყოს ტერიტორიაზე. ასევე, არ უნდა იყვნენ ვირთხები და თაგვები, ეს ქვეწარმავალს იზიდავს“, – განმარტა ზანდუკელმა.
მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
როგორც ზანდუკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეწარმავლების გავრცელების შესახებ წლევანდელი სტატისტიკა წინა წლების იდენტურია.
თამუნა შეყილაძე