რა მდგომარეობაა თბილისში ქვეწარმავლების გავრცელების კუთხით – ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის განმარტება

ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

როგორც ზანდუკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეწარმავლების გავრცელების შესახებ წლევანდელი სტატისტიკა წინა წლების იდენტურია.

„აჟიოტაჟია ატეხილი. მსგავსი სიტუაცია წლების განმავლობაში ყოველთვის ამ პერიოდს ემთხვეოდა ხოლმე, ვინაიდან ქვეწარმავლების ატივობა პიკს ახლა აღწევს. ბოლო პერიოდში გიურზებთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც გავრცელდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო სიუჟეტს გავიხსენებ, იქ ნახსენებია, თითქოს, გიურზა სიკვდილის მანქანაა; თითქოს, ქვეწარმავლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ებრძვიან და ა.შ. ასეთი რამ სიმართლე არაა.

დავიწყოთ იმით, თუ რა მდგომარეობაა დედაქალაქში, ზოგადად, საქართველოში. ეს ის პერიდოია, როდესაც ქვეწარმავლების აქტივობა პიკს აღწევს, მოსახლობაში მათ გამოჩენას ვგულისხმობ. დაახლოებით, 9 წელი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ვმუშაობდი, მთელი ინფორმაცია ჩემამდე მოდიოდა. მთლიანობაში, სურათი შეცვლილი არაა – ვგულისხმობ მდგომარეობას, რაც დღესაა გამოძახებების კუთხით ან თუნდაც ბუნებრივ არეალში ექსპედიციების დროს. ქვეწარმავლების რაღაც მასობრივი გამრავლება არაა, როგორიც, ვთქვათ, მწერებს ახასიათებთ, ერთბაშად რომ მრავლდებიან და ბუნებაში კატასტროფებს იწვევენ, ქვეწარმავლებში ასეთი რამ არ არსებობს. საქართველოში მსგავსი რამ არ ხდება. ახლა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გველებთან დაკავშირებით 500-მდე შეტყობინებაა, რაც ნორმალურია. ეს გასული წლების სტატისტიკის იდენტურია.

რატომ არ იყო ადრე საზოგადოებაში ასეთი პანიკა, თუნდაც, 10 წლის წინ და რატომაა დღეს: ეს გამოწვეულია ინფორმაციის სწრაფი გადაცემის გამო. ადამიანები როცა ქვეწარმავალს აწყდებიან, უღებენ ფოტოს ან ვიდეოს და სოციალურ ქსელში დებენ. ასეთი შემთხვევა უამრავია. ისეთი სურათი იქმნება, თითქოს, რაღაც სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაც ასე არაა.

გველის ან ნებისმიერი ცხოველის ველური ბუნებიდან ურბანულ სივრცეში მოხვედრა ჩვეულებრივი მომენტია. ეს ყველგან ხვდება. ცენტრალურ უბნებში ქვეწარმავლების გადადგილება ხდება მექნიკური გზით, მანქანების საშუალებით, სამშენებლო მასალების გადაადგილების დროს და ა.შ“, – განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები