„სასულიერო პირები ყველა რაიონიდან მოდიან, რათა როგორმე ლგბტ პრაიდს წინ აღუდგნენ“ – დეკანოზი ბასილ იაშაღაშვილი

“როგორც ვიცი, სასულიერო პირები ყველა რაიონიდან მოდიან, რათა როგორმე ლგბტ პრაიდს წინ აღუდგნენ”, – ამის შესახებ თელეთის ხარების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბასილ იაშაღაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას მოუწოდებს, აქციაზე მშვიდობიანად დადგეს.

„მე როგორც ვიცი, სასულიერო პირები ყველა რაიონიდან მოდიან, რომ როგორმე ამ აქციას წინ აღუდგნენ. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმით. ყველა ადამიანს თავისებური შინაგანი განწყობა აქვს. შეიძლება, ვიღაც მივიდეს, მათ პლაკატი წაართვას, შეიძლება, ვიღაცამ არ წაართვას და ისე იდგეს აქციაზე. გარყვნილების პლაკატი რომ უკავია ადამიანს, ვიღაც მივა და წაართმევს ისე, რომ არ სცემს და დაარტყამს, ვფიქრობ, ეს ძალადობა არაა.

ყველას მოვუწოდებ, მშვიდობიანად დავდგეთ და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ის თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს, მეტრო „რუსთაველთან“ კარვები გაშალოს და ლგბტ პრაიდს ხელი შეუშალოს.
„დავცემთ კარვებს, ლგბტ აქტივისტებს ჰუმანური მეთოდებით წავართმევთ პლაკატებს, ხელკავით გავიყვანთ მოედნიდან, არა რტყმევითა და კომბლით“, – აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 5 ივლისს  “ღირსების მარში” გამართება.
“ჩვენ გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა.
ჩვენ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ: აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები