ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს.
„გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ „დელტა“ შტამის შვიდი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე – ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, „დელტას“ სახელით ცნობილი შტამი საქართველოში სულ 27 პირს დაუდასტურდა.