“თქვენი პრემიერმინისტრობის დროს გაუორმაგდათ ხელფასი მეცნიერ-პროფესორებს, ახლაც იგივე დააანონსეთ და მხარდაჭერას გიცხადებთ”
დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენისას, სიტყვით გამოსვლამდე, პრემიერს დაბადების დღე მიულოცა.
დავით ზილფიმიანმა ოპოზიციას მოუწოდა, საქმე გაკეთდეს და საპარლამენტო საქმიანობა სხვა ფორმატში გადავიდეს.
„ნელ-ნელა ისევ დავუბრუნდით იწილო-ბიწილოს, კამათსა და ჩხუბს, პოზიციასა და ოპოზიციას შორის. მე აქტიურად ვარ ჩართული განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქმიანობაში, ცვლილებები იგეგმება, ათასი კანონპროექტი მზადდება, როგორც ჩემმა კოლეგებმა მამუკა ხაზარაძემ, ლევან იოსელიანმა და გირჩმა თქვეს, მოდი საქმე ვაკეთოთ. გავიგე რომ შარლ მიშელის დოკუმენტი აუცილებელია, მაგრამ ამ დოკუმენტსაც ვერ ვაკეთებთ ამ იწილო ბიწილოთი. იდეა არ არის 5 წელი ერთი საქმე ვაკეთოთ. როცა პარლამენტში შეხვალ, უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორი იქნება კანონმდებლობა, რომ უფრო ადვილი იყოს ჩვენთვის ან რომელიმე პარტიისთვის გამარჯვება. მეცხრე მოწვევის პარლამენტის მთელი იდეა ხომ ეს იყო, კამათი და სამომავლო არჩევნებზე ფიქრი. იტალია ომის შემდეგ ყველაზე ჩამორჩენილი ერი იყო ევროპაში, ჩვენ კი, ყველაზე ჩამორჩენილები არ ვართ. როდესაც ყველამ ერთად გადაწყვიტა ქვეყანას სჭირდებოდა შველა, 5-6 წელიწადში მოახდინეს ისეთი ცვლილება, იტალია მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში შევიდა. მე წინააღმდეგი ვარ 9 წლის გახსენების, მაგრამ ხშირად კოლეგები ეხებით ისეთ საკითხებს, რაც ავტომატურად იწვევს ამას. ამასწინათ კამათი იყო ნაკლებია ხარჯები ფსიქიატრიულ და პენიტენციურ სივრცეშიო, იქნებოდა, რადგან ერთი ნახევარი გიჟად იყო გამოცხადებული და მეორე ნახევარი ციხეში იჯდა. აღარ ვილაპარაკოთ იმ ცხრა წელზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
დავით ზილფიმიანმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების და მეცნიერების სფეროში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს, კერძოდ, მეცნიერ-პროფესორებისთვის ხელფასების გაზრდას.
„2013 წელს, თქვენი პრემიერობის დროს გაუორმაგდათ ხელფასი მეცნიერ-პროფესორებს, ახლაც იგივე დააანონსეთ, ვიცი პრობლემები ამ სფეროში და თუ ამას გააკეთებთ, განათლებაში ამხელა ინვეტსიციას ჩადებთ, ტაში სამარცხვინოა?! თუკი რაღაც კარგი კეთდება, გქონდეთ ჩემი თანადგომის იმედი, იმ ნაწილში სადაც კომპეტენტურად ვთვლი თავს, მხარიც უნდა დაგიჭიროთ“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.