ევროკავშირი უკრაინასა და სომხეთთან “ერთიანი საავიაციო სივრცის” შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს
ევროსაბჭო თანახმაა, რომ სამ ქვეყანასთან: უკრაინასთან, სომხეთსა და ტუნისთან “ერთიანი საავიაციო სივრცის” შესახებ შეთანხმებას მოეწეროს ხელი.
ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ”ევროკავშირის საბჭომ დღეს “მწვანე შუქი” აუნთო სამი სამეზობლო შეთანხმების ხელმოწერას ავიაციის სფეროში უკრაინასთან, სომხეთსა და ტუნისთან, ასევე, ყატართან საჰაერო ტრანსპორტის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს ვაჭრობას, ტურიზმს, ინვესტიციებს, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას”.
ხელშეკრულება ხსნის საბაზრო შეზღუდვებს და აერთიანებს ამ ქვეყნებს ევროკავშირის შიდა საჰაერო ბაზართან, რადგან ეს ქვეყნები გადავლენ ევროპული ავიაგადაზიდვების სტანდარტებსა და რეგულაციებზე.
”ოთხივე ხელშეკრულების ხელმოწერა მოსალოდნელია 2021 წლის შემოდგომაზე. ყოველი შეთანხმება რატიფიცირებული უნდა იყოს თითოეული წევრი ქვეყნის, ევროკავშირისა და მესამე მხარის მიერ”, – განმარტებულია კომუნიკეში.
შეთანხმების პარაფირება ჯერ კიდევ 2013 წელს მოხდა, თუმცა, ამ დრომდე არ ყოფილა ხელმოწერილი გიბრალტარის კუთვნილებასთან დაკავშირებით ბრიტანეთ-ესპანეთის დავის გამო.
ხელმოწერა მოსალოდნელი იყო 11 თებერვალს ბრიუსელში, მაგრამ ის ჩაიშალა.
8 აპრილს ევროკომისიამ დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების განახლებული პროექტი.