პროკურატურა: სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული 850 000 ლარის ზიანი აუნაზღაურდა
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების საფუძველზე, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, 2018-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი 850 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე, პროკურატურის მიერ განხორციელებულ რეაგირებას ეხება.
პროკურატურის ცნობით, 2018-2021 წლებში მიღებული 106 აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, გამოძიება – 91 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის – 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიღებულ ანგარიშებზე ეფექტიანი გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება, პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც პროკურატურა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.
“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავი დაეთმოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების, ასევე მიღწეული შედეგების მიმოხილვას და მოხდეს მისი პროაქტიულად საჯაროდ გამოქვეყნება” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.