მიხეილ სარჯველაძე: შესაძლოა, ცალკეულ ადამიანებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, თუმცა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს
“მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი არ არსებობს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, განსხვავებული მოსაზრებებისა და საუბრის შესაძლებლობა კიდევ იქნება.
„შარლ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების საპარლამენტო პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმებიდან არცერთი არ რჩება. აქამდე რაც იყო, უკავშირდებოდა ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციების დარეგულირებას, რის მიღებამდეც პოზიცია იყო, რომ შერჩევა არ ყოფილიყო რეფორმამდე. ამჟამად, მომავალი რეფორმებიდან, რაც შეიძლება იყოს ისეთი, რომ გავლენა იქონიოს საპარლამენტო პროცედურებზე, ამ დოკუმენტიდან არ იკითხება.
ლოგიკური მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი არ არსებობს. შესაძლოა, ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პარტნიორებს განსხვავებული მოსაზრება და მოლოდინი ჰქონდეთ. შეიძლება, დოკუმენტის ინტერპრეტაცია ჰქონდეთ. ამის თაობაზე, ალბათ, საუბრის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს.