კარლ ჰარცელი: ვაპირებთ, ევროკავშირის მეტი ძალისხმევა მივმართოთ რაჭისკენ
ვაპირებთ, ევროკავშირის მეტი ძალისხმევა მივმართოთ რაჭისკენ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროფესიული განათლება რეგიონში ძალიან მოთხოვნადია, განსაკუთრებით ტურიზმის სწრაფად მზარდ სფეროში.
„სრული ერთი დღე გავატარე რაჭაში, სადაც შევხვდი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ, ევროკავშირის მეტი ძალისხმევა მივმართოთ ამ რეგიონისკენ მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ იმ მოსაზრებებითა და იდეებით, რომლებიც აქ მოვისმინე. რაჭა ძალიან ლამაზი რეგიონია. დიდი აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურაზე, მის ხელმისაწვდომობაზე, აგრეთვე ტურიზმზე, რომელსაც აქ ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. სამოქალაქო საზოგადოებასთან გასაუბრებამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა მოსაზრებები რეგიონის განვითარებაში არსებული გამოწვევების, აგრეთვე ახალგაზრდების იმ მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობა რეგიონში დარჩეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ განათლებასთან, მათ შორის პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. პროფესიული განათლება რეგიონში ძალიან მოთხოვნადია, განსაკუთრებით ტურიზმის სწრაფად მზარდ სფეროში. ეს იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღე. უკეთ გავიგე, თუ რას წარმოადგენს და რა მიმართულებით მიდის ეს რეგიონი“, – აღნიშნა ელჩმა.