გორში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა გორის ცენტრში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და იგი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ქირურგმა მანუჩარ სხირელმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება გაეწია.
,,შემოყვანილ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც აღენიშნებოდა რბილი ქსოვილის ნაფლეთოვანი დაზიანება ცხვირის მიდამოში. დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, სავარაუდოდ, დაზიანება მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნით. პაციენტს გაეწია ამბულატორიული დახმარება, დაედო კვანძოვანი ნაკერები და გაეწერა ბინაზე, სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა”, – განაცხადა მანუჩარ სხირელმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.