“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, გადაფაროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული”, – ასე აფასებს “მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივანი, გია გაჩეჩილაძე ბოლო დღეებში ოპოზიციურ მედიაში გასულ სიუჟეტებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს და, ირაკლი ღარიბაშვილმა 2013-14 წლებში ირანელ ბიზნესმენ, ვინმე ფურია ნაიევზე რეკეტი განახორციელა და ბიზნესები იძულებით დაათმობინა.
გია გაჩეჩილაძე “კვირასთან” ინტერვიუში დეტალურად იხსენებს, წლების მიხედვით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და ქრონოლოგიურად ყვება, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ გარკვეული მოგების მისაღებად.
მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დაიწყო იმ საქმეების გამოძიება რაც წინამორბედმა ხელისფლებამ ჩაიდინა. ერთ-ერთი ასეთი საქმე ირანელ ბიზნესმენს ეხებოდა, რომლის წინააღმდეგაც ,,ფულის გათეთრების,, ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დღეს კი “ნაცმოძრაობასთან” აფილირებული მედია ფურია ნარიევის საქმეს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციისთვის იყენებს და მთავრობის მეთაურს ცრუ ბრალდებებს უყენებს.
გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2010 წელს ირანთან უვიზო მიმოსვლითა და ირანელებისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომის უფლების მინიჭებით, დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების წინააღმდეგ წავიდა, რითაც საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
“რადგან ირანი აგრძელებდა ბირთვული იარაღის შექმნას, 2010 წლის 9 ივნისს გაერო-მ მიიღო სანქციები ირანის წინააღმდეგ, სადაც წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ ამ ქვეყნის ფინანსური მომსახურეობა, მათ შორის, გაყინონ ნებისმიერი აქტივი და აკრძალონ საკუთარ ტერიტორიაზე საბანკო ურთიერთობები. ამასთან, 2010 წლის 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შემოიღეს უფრო მკაცრი სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა საგარეო ვაჭრობას, საფინანსო სფეროს, ენერგეტიკულ სექტორსა და ტექნოლოგიების გადაცემას.
ამის პარალელურად, საქართველოში სულ სხვა პროცესები განვითარდა. 2010 წლის 3 ნოემბერს საქართველომ ირანთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო გრიგოლ ვაშაძე, ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეც. მან განაცხადა, რომ თეირანს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისათვის. ანუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების წინააღმდეგ წავიდა; ირანელებს საშუალება მისცა, საბანკო მომსახურებაზე წვდომა ჰქონოდათ. რითაც მაშინდელმა მთავრობამ ე.წ. ბიზნესმენებს შესაძლებლობა მისცა, თავი აერიდებინათ სანქციებისთვის და სწორედ აქ ხდებოდა იმ სანქციების შედეგად აკრძალული ფულადი ნაკადების მოძრაობა. რეალურად, ეს არ იყო ლეგალურ ბიზნესთან დაკავშირებული ანგარიშები, არამედ – სანქციების გვერდის ავლით ფულადი ნაკადების მიმოქცევა. ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, თავი მოჭრა მთელს მსოფლიოში საქართველოს და ქვეყანა გახადა ირანში ბირთვული იარაღის წარმოების მხარდამჭერი. ეს იყო დანაშაული საერთაშორისო უსაფრთხოების წინააღმდეგ, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ერთად განახორციელა. ორი ქვეყანა იყო, საქართველო და რუსეთი, რომელიც დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების წინააღმდეგ წავიდა. ამან გამოიწვია ის, რომ დაწყებული პროცესი – მიგვეღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა – გაჩერდა. დაგვასწრო მოლდოვამ, რომელმაც სამოქმედო გეგმა 2011 წელს მიიღო”, – ამბობს “მწვანეთა პარტიის” ლიდერი.
გაჩეჩილაძის თქმით, სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღო საქართველომ ვიზალიბერალიზაციის რეალური შესაძლებლობა.
როგორც ,,მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივანი “კვირასთან” ინტერვიუში ამბობს, მედიაში ბიზნესზე რეკეტად შერაცხულმა მოვლენამ, რომელიც რეალურად თაღლითური სქემის გამოვლენა იყო, სერიოზული ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე.
გია გაჩეჩილაძე “ნაცმოძრაობის” რუსეთთან კავშირზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სწორედ რუსული ინტერესების გატარებას ემსახურებოდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ირანისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭება.
“ცოტა ხანში იცვლება ხელისუფლება და სათავეში მოდის მკვეთრად პროდასავლური “ქართული ოცნება”. ევროკავშირთან, დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც გაერო-ს წევრ ქვეყანას, გვქონდა და გვაქვს ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ.
2012 წლის 12 დეკემბერს სპეციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმის უკანონო დაფინანსებისა და ფინანსური დანაშაულების საკითხებში. 2013 წლის 20 ივნისს Wall street journal-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ 2010-2012 წლებში საქართველოს საბანკო სექტორი წამყვანი ადგილი გახდა ირანისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად. ამ ორი ფაქტის გათვალისწინებით, საქართველოში დაიწყო საქმის შესწავლა, შედეგად, მთავრობამ 150-მდე საბანკო ანგარიში გაყინა, 2013 წლის 1-ელ ივლისს კი ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა. სწორედ ამ კონკრეტული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, 2013 წლის 25 თებერვალს საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის სამოქმედო გეგმა მიიღო. უკვე ამის შემდეგ გაგრძელდა 2010 წელს შეჩერებული პროცესი, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჰქონოდა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს გააკეთა ორი ფაქტორის გამო: პირველი, ეს იყო რუსეთის ფარული ინტერესების გატარება, რადგან მაშინ რუსეთი მხარს უჭერდა ირანის ბირთვული იარაღის წარმოებას. შესაბამისად, სააკაშვილის ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც – ყოველთვის და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ იმუშვა. მეორე, კორუფცია – ამ უზარმაზარი ფულადი ტრანზაქციების მეშვეობით, რომლითაც ირანი თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებას ცდილობდა, ძალიან დიდ შემოსავალს მიიღებდა “ნაციონალური მოძრაობა”. ეს კორუფცია კი საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.
რაც ახლა ზოგიერთი მედიით შუქდება, არის შავი პიარი, რომ დისკრედიტაცია მოხდეს პრემიერმინისტრის. ახლა დაწყებული კამპანია არის მათი მაშინდელი საერთაშორისო დანაშაულის გადაფარვის მცდელობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მმართველმა პარტიამ უნდა იჩივლოს სასამართლოში და რეალური დამნაშავეს, რომელმაც თავი მოჭრა საქართველოს მაშინ, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებას, მის ამ კრიმინალურ ბანდას, რომელმაც სამარცხვინო ლაქა დატოვა საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ ბრალდებად უნდა წაეყენოს საერთაშორისო დონეზე ბირთვული იარაღის შექმნის ხელშეწყობა”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

