ეკატერინე ტიკარაძე – ჯარიმების გაუქმებაზე: ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების შეღავათებისთვის მიღებული გადაწყვეტილება

“ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისა და კეთილგანწყობისთვის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერმინისტრის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარიმო სანქციების ამნისტია მომხდარიყო.

„ეს გადაწყვეტილება მიიღება გუნდური გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა და საბჭომ ერთობლივად ჩათვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კერძო სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებთან ერთად მომხდარიყო საჯარიმო სანქციების ამნისტია. არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისა და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვაკვირდებით, თუ რამდენად მოტივირებული არის მთავრობა, რომ ავწიოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო და დასჯითი სანქციები, არამედ ეფექტური მართვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები