კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და კოლეგა მარეგულირებლებს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მარეგულირებლების გლობალურ სიმპოზიუმზე ტელეკომ სექტორის განვითარებისა და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

პლენარული დისკუსიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ სიმპოზიუმის წევრებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის ხედვა და საქმიანობა გააცნო. კომისიის წევრმა კოლეგა მარეგულირებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მათ შორის ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) თავმჯდომარესთან და ა.შ.შ.-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) კომისართან, ITU-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კერძოდ, მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე დაშვების მნიშვნელობაზე, ინფრასტრუქტურის გაზიარების აუცილებლობასა და მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებისთვის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ასევე მარეგულირებლის როლს ინვესტიციების წახალისების, ტექნოლოგიური განვითარებისა და მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღნიშნულ თემებზე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების და სატელეკომუნიკაციო სექტორის მაღალი თანამდებობის პირებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მარეგულირებლების გლობალური სიმპოზიუმი (GSR-21) საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით მარეგულირებელი ორგანოები და მათი რეგიონალური გაერთიანებები იღებენ.
წლევანდელი სიმპოზიუმის მთავარი თემა „რეგულირება ციფრული ტრანსფორმაციისთვის: ინკლუზიური კავშირის დაჩქარება, წვდომა და გამოყენება” იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები