რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ გახელაძესთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს გაუგზავნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.
ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით.
მის უწმინდესობას, კირილეს,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმიდესობავ,
მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხისა და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.
მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.
მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.
აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის.
ქრისტესმიერი სიყვარულით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.