ვლადიმირ ზელენსკი: პოლიტიკური დიალოგი კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს

“ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფო ფლოტებს შორის შავ ზღვაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და სხვა მეზობლებთან, იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს.

„მივესალმები ქალბატონ ზურაბიშვილს, ჩვენს ქართველ მეგობრებს მეგობრულ უკრაინაში. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. პოლიტიკური დიალოგი კი ჩვენს დედაქალაქებს, კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსითა და კონკრეტული პროექტებით ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენ შორის მაღალი ნდობის საფუძველზე. ასევე, სასიამოვნოა, აღვნიშნოთ ჩვენი პოზიციების მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფო ფლოტებს შორის შავ ზღვაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან და სხვა მეზობლებთან, იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები