გურამ მაჭარაშვილი – ზაზა გახელაძეზე: ყველა ბერკეტი გამოყენებულია და გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მუშაობა გრძელდება.
“ყველა ბერკეტი გამოყენებულია და გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა. იცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფად ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხანგრძლივდება გადაწყვეტილების მიღება. იცით, რომ საპატრიარქო არის ჩართული. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.