დავით სერგეენკო: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ ტყუილია
„ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება – ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი ინფორმაცია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მედიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
სერგეენკოს თქმითვე, ნიღაბი ჰაერწვეთოვანი ინფექციის წინააღმდეგ თავდაცვის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, პაატა იმნაძე ამბობს, რომ „პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც, პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი“.