პროკურორი: გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა
კომისიისთვის წარდგენილ სტატისტიკაში ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა – ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ამბროლაურის რაიონულმა პროკურორმა ზურაბ ლორიამ განაცხადა.
პროკურორის თქმით, 2020 წლის 20 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგავზებში „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიმართ მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნა მოპოვებული.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რაც დადგენილ ვადაში გავასაჩივრეთ და სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა“ , – განაცხადა ზურაბ ლორიამ.
პროკურორებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრების კითხვებს პასუხობდნენ.