საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში მოისმინა
„ეს არის ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ჩავდეთ”,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანგარიში კომიტეტს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გააცნო, სადაც აღწერილია 2020 წელს საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები.
დოკუმენტი ასევე მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს. გიორგი დანელიამ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 159 ათას მონაწილეს.
საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს.
სააგენტოს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებზე და სარგებელზე, რაც ამ მომენტისთვის საპენსიო რეფორმას გააჩნია ყველა მონაწილისთვის. დეტალური განმარტებები გააკეთა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით. მანვე კომიტეტს წარუდგინა საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მონაცემები 2020 წლისათვის.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საპენსიო სააგენტოს საქმიანობას, ყოველ კვარტალურად საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გაეცნობა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.