“ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიას, რომელიც დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შეიქმნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.
„პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების მიზნით, რომელსაც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ეს იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე კვლევითი ცენტრები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დისკუსია, დიალოგი, კონსულტაცია როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ერთობლივად შევიმუშავებთ სახელმწიფოებრივ ხედვას ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და დეოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.