ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა – ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შსს- ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე წლის 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ბრალდებით დააკავეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.