ალექსანდრე დარახველიძე: შსს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, კანონის ფარგლებში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მინისტრის მოადგილე საკანონმდებლო ორგანოში “პრაიდის” თემასაც შეეხო.

“რაც შეეხება “თბილისი პრაიდს”, UNDP-ის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას და სადაც განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც აღნიშნული ღონისძიების – “ღირსების მარშის” გამართვას უკავშირდება და ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნა გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლას, არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, კანონის ფარგლებში, თუკი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები