დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი კორონავირუსს ემსხვერპლა

კორონავირუსით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა.

ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, შვილი, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, დედა, ბებია, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე.

ლიანა ნებაძე დაიბადა 1961 წლის 26 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო სასწავლებელში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ახალციხის სანეპიდ სადგურში. სხვადასხვა დროს მუშობდა სხვადასხვა პოზიციებზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნის დღიდან 2016 წლამდე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის განყოფილებაში ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელ პირად, ხოლო 2012 წლიდან მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში. უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. იყო მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი, რომელიც კარდაკარ სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას. ლია გამოირჩეოდა მაღალკვალიფიციური საქმიანობით, შრომისმოყვარეობით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში. მას უყვარდა მისი საქმე და არასდროს უღალატია მისთვის. თუნადაც მძიმე ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო მრავალი სისტემა განიცდიდა რღვევას და ჩამოშლას, იგი ჩვეული ენთუზიაზმით (უხელფასოდ და ყველასთვის მძიმე სოციალურ პირობებში) განაგრძობდა მუშაობას და დარგის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. იგი იყო პატრიოტი.

ლია იყო მეგობრული, გულისხმიერი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, სხვისი ლხინისა და ვარამის გამზიარებელი, ყველას დამხმარე და ხელშემწყობი. ყოველთვის მის მოვალეობად მიაჩნდა მეგობრებზე, კოლეგებზე, ახალგაზრდა თაობაზე და ყველა გარშემომყოფზე ზრუნვა. მასთან მუშაობა იყო კომფორტული, ცოდნისა და გამოცდილების შემძენი. მისი პროფესიული საქმიანობიდან და პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე ყოველთვის პატივისცემას, სიყვარულს და მოწიწებას იმსახურებდა. მან სამი საუკეთესო და სამაგალითო შვილი აღუზარდა ქვეყანას.

უსაზღვროა მისი არ ყოფნით გამოწვეული სევდა. ჯერ ხომ კიდევ რამდენის გაკეთება შეეძლო,” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები