მარიკა დარჩია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებას გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია პარლამენტის დეპუტატის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი სათანადოდ მოვლილი არ არის.

როგორც თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე მარიკა დარჩიამ აღნიშნა, მსგავს ბრალდებაზე რეაგირება გარდაუვალია. მისი თქმით, პარლამენტში გაჟღერებული ბრალდების მიმართ ყველა პრინციპულები  უნდა ვიყოთ.

,,არ მახასიათებს კატეგორიულობა, თუმცა, ამჯერად აუცილებლად პრინციპულები უნდა ვიყოთ პარლამენტში გაჟღერებული ბრალდების მიმართ, რომელიც მერაბ კოსტავას მუზეუმს ეხებოდა.

როცა ჩვენ მუზეუმების გაერთიანებაში თავმოყრილი 11 მუზეუმი ჩავიბარეთ, მაშინ, პრაქტიკულად, ყველა მათგანში სავალალო მდგომარეობა იყო. მე მუზეუმები ნანახი მაქვს მაშინაც, როცა საკრებულოს წევრი არ გახლდით და ახლაც ხშირად ვსტუმრობ.  თქვენც მოგიწოდებთ, მოინახულოთ, თუ დიდი ხანია, არ ყოფილხართ, რადგან მომავალი მათ გარეშე არ იქმნება.

რაც შეეხება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს, ის კერძო საკუთრება იყო და მინდა, ყველას გვახსოვდეს, რომ მისი გამოსყიდვა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. უკვე კი არის მოლაპარაკება, ამა წლის ბიუჯეტში თანხა მისი აღდგენისთვისაც გამოიყოს. იქ საკმაოდ დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი.

ძალიან გთხოვთ, როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას, მის კონსერვაციასა და აღდგენას ეხება, გაითვალისწინოთ, რომ ეს ის საკითხებია რომელთაც განსაკუთრებული გულისყურითა და სიფრთხილით ვეკიდებით“, – განაცხადა მარიკა დარჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები