„ღია მმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ფორუმი გაიმართა

  „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოს ახალი − 2014-2015 წლების − სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2014 წლის 15 ივნისს წარედგინება. მასზე მუშაობა „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და პროცესში საჯარო დაწესებულებებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი და აკადემიური წრეებიც არიან ჩართულნი. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს საჯარო დაწესებულებებს გეგმის შემდგომი განვითარების შესახებ. პროგრამა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის ინიციატივით ამოქმედდა. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ხუთი ძირითადი გამოწვევა: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა. „ღია მმართველობის პარტნიორობას“ საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები