გიორგი ვაშაძე: ასეთი არაგუნდური, მოღალატე, არაპროფესიონალი და ცუდი გახარია პრემიერად რატომ დააწინაურეს?
“ასეთი არაგუნდური, მოღალატე, არაპროფესიონალი და ცუდი გახარია პრემიერად რატომ დააწინაურეს? მართლა, ნამუსი გაქვთ? – კობახიძეს მივმართავ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება ჭორაობაა.
„გუშინ რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივი ჭორიკნობაა და მეტი არაფერი. ჭორაობა, რაღაც თემების შეთხზვა ხდება. გამახსენდა, გიორგი კვირიკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ როგორ დააბრალა, რომ ბავშვები მშიერი რომ არიან, მისი ბრალიაო. იმის შემდეგ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ბავშვია მშიერი. ახლა გახარიას აბრალებენ იმ უბედურებებს, რაც ქვეყანაში ხდება. ოღონდ ორივე დამნაშავე არიან. ეკონომიკური თვალსაზრისით კორონავირუსის დროს რა დანაშაულებებს ჩადიოდა გახარია, ამას პირდაპირ ვამბობდით. ქვეყანაში რაც ხდებოდა, ამის თანაავტორია კობახიძე, გახარია და, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი. თუ ასეთი არაგუნდური, მოღალატე, არაპროფესიონალი და ცუდია გახარია, პრემიერად რატომ დააწინაურეს? ამბობენ, მენეჯერიც არ იყო და პრემიერად რატომ გადაიყვანეს? რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა? მართლა, ნამუსი გააქვთ? – კობახიძეს მივმართავ. კრიმინოგენური ვითარება გააუარესა, დაგვამშია, გაგვაუბედურა და ხალხს რას ერჩოდით? სპეცოპერაციებს რომ გეგმავდა, გვეშინოდაო, გადაიყვანეს პრემიერად და ჩააბარეს სპეცოპერაციები და ეკონომიკაც და ამის არ ეშინოდათ? როცა პანდემიის დროს გახარიას ვუსმენდი, შიშის ზარი მცემდა. რამდენი არასწორი ქმედება აქვს ჩადენილი, შეგიძლიათ, ჩემი მიმართვები ამოიღოთ. ეკონომიკა ამ მდგომარეობაში რომ არის, ეს კობახიძის ბრალია მასთან ერთად. ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ გარე ფაქტორად წარმომიდგა თვალწინ რომ გახარია იყო რუსეთის მოქალაქე და მაშინ, გარე ფაქტორი რუსეთიდან მოდიოდა, ე.ი. ალბათ, პუტინმა დარეკა, შეიძლება, თავად დარეკვა არც იკადრა და „ქართულ ოცნებასთან“ ვიღაცას დაარეკინა და უთხრა, ჩემი ბიჭი პრემიერად დამინიშნეთო. აბა, სხვას ვის უნდა დაერეკა? ზუსტად ვიცი, ამ საკითხზე ტრამპი არ დარეკავდა, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ვაშაძემ.