ექსპერტი: ნატო ვერ მიიღებს რომელიმე ქვეყანას წევრად მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავს დაესხნენ, ის არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი

ვუდრო ვილსონის ცენტრის ექსპერტი, ნინა იანკოვიჩი უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტისა და უკრაინასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

“ამერიკის ხმასთან” საუბარში მან 2008 წელი გაიხსენა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ალიანსში წევრობას დაჰპირდნენ.

”ჩვენ დავინახეთ, რა მოხდა ამის შემდეგ: რუსეთი შეიჭრა საქართველოში, შემდეგ კი – უკრაინაში. მოსკოვმა განაგრძო არასტაბილურობის გამოწვევა და პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტიც კი დაიწყო ორივე ქვეყანაში. ასევე, არსებობს მთელი რიგი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც კიევმა უნდა გაატაროს მანამ, სანამ გახდება ნატო-ს წევრი”, – თქვა მან.

იანკოვიჩის თქმით, ნატო არამარტო სამხედრო ალიანსია, ის არის დემოკრატიული ალიანსიც.

”ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენს, ალბათ, სურს, დაინახოს გარკვეული სახის ანტიკორუფციული პროგრამები, რათა უკრაინა გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო. იგი ელოდება, რომ უკრაინა გახდება სტაბილური სახელმწიფო, პოლიტიკური გარდაქმნებითა და სტაბილური ეკონომიკით. ეს ყველაფერი ყოველთვის იყო წინაპირობა ნატო-ში წევრობისთვის,” – განმარტა ექსპერტმა.

მისი თქმით, ნატო ვერ მიიღებს რომელიმე ქვეყანას წევრად მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავს დაესხნენ, “ეს პუტინმაც იცის და ცდილობს, შექმნას რამდენიმე გაყინული ან თუნდაც ცხელი კონფლიქტი უკრაინაში, რათა ხელი შეუშალოს მას ნატო-ში შესვლაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები