ლევან იოსელიანი თურქეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
აღინიშნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
მხარეებმა „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. განიხილეს პარლამენტსა და თურქეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში დამატებითი თურქული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.
„დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტისა და თურქეთის საელჩოს შორის ურთიერთობების გაძლიერებასთან და გვაქვს ამასთან დაკავშირებული გეგმები. მათ შორის, შეიქმნას ფორმატი თურქი ბიზნესმენებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა პარლამენტის წევრებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და საკუთარი მოსაზრებებისა და ხედვების გაზიარების. მიმაჩნია, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ჩართული მარტო უშუალოდ საკანონმდებლო საქმიანობაში. ის უნდა მონაწილეობდეს ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, ინვესტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.