საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო.
„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო და რომელმაც 15 დაკავებული სომეხის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია. ბაქოსა და ერევნის მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის გამჩენი ჟესტები, რომლებიც, იმედია, მხარეებს გზას გაუხსნის შემდგომი თანამშრომლობისკენ, ასევე, ყველა დაკავებული სომეხის საბოლოოდ გათავისუფლებისკენ და დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებით, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად წაახალისეს ნაბიჯები და ჩვენ გვსურს, პროცესში მონაწილე მხარეების შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია – სტაბილიზაციის, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერით. გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დათანხმდნენ არსებით მოლაპარაკებებს – ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.