თამარ ბარკალაია: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ ეტაპზე 23 ბავშვი რჩება 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში ამჟამად 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

მისი თქმით, საპატრიარქოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს.

„ადგილზე იმყოფებიან სოციალური მუშაკები, როგორც უსაფრთხოების გარანტი. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე, ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვი არის ნინოწმინდის პანსიონატში. დანარჩენების დიდი უმრავლესობა ოჯახებშია გაყვანილი.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი პირველ რიგში იყო ის, რომ ამ პროცესში ჩართულმა ყველა პარტნიორმა დააფიქსიროს საკუთარი ხედვა და აზრი. ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართულებით შეხვედრა, რადგან როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ფორმების ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად, დიდი ინსტიტუციების და დიდი ბავშვთა სახლის კონტექსტში. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათ საუკეთესო ინტერესების გამოვლენა, მათი ოჯახებში ინტეგრაცია იყოს წახალისებული“,- განაცხადა ბარკალაიამ.

საპატრიარქოში, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები