მერაბ მეტრეველი: გავიგე, რომ ეს ხელისუფლება არ მოგვწონს, არც მე მომწონს, მაგრამ საინფორმაციო გამოშვება იმის მიხედვით ხომ არ უნდა ავაწყოთ, ვინ მოგვწონს და ვინ არა?
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ოპოზიციური არხების მიერ საინფორმაციო გამოშვებებში 15 სომეხი ტყვეს გადაცემის გაშუქებას ეხმიანება და წერს, რომ „მთავარმა არხმა“ ეს ამბავი 12-საათიან გამოშვებაში საერთოდ არ ახსენა, “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” კი ნიუსი გამოშვების ბოლოში გაუშვეს.
მისი თქმით, მოხდა უმნიშვნელოვანესი ამბავი – საქართველომ ფაქტობრივად პირველად მოახერხა წარმატებით შეესრულებინა შუამავლის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში და შედეგად 15 სომეხი ტყვე გათავისუფლდა, თან ეს ყველაფერი გაკეთდა ამერიკასთან თანამშრომლობით.
საქართველოს ამის გამო მადლობას უხდის სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთის პრემიერი. „კოლეგებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ ართქმაც არ შემიძლია ისე გავბრაზდი: გავიგე რომ ეს ხელისუფლება არ მოგვწონს (არც მე მომწონს), მაგრამ საინფორმაციო გამოშვება იმის მიხედვით ხომ არ უნდა ავაწყოთ, ვინ მოგვწონს და ვინ არა? ფაქტია, მოხდა უმნიშვნელოვანესი ამბავი: საქართველომ ფაქტობრივად პირველად მოახერხა წარმატებით შეესრულებინა შუამავლის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში და შედეგად 15 სომეხი ტყვე გათავისუფლდა, თან ეს ყველაფერი გაკეთდა ამერიკასთან თანამშრომლობით. საქართველოს ამის გამო მადლობას უხდის სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთის პრემიერი. ჩავრთე დღეს ე. წ. კრიტიკული არხების საინფორმაციო გამოშვებები, “მთავარმა არხმა” 12-საათიანში საერთოდ არ ახსენა. ვითომ არც მომხდარა ამბავი. “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” კი სადღაც გამოშვების ბოლოში გაუშვეს ნიუსი. “იმედს” რაღაზე დასცინით, აბა?“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.