მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის საომარი მოქმედებების შედეგად, სამხედრო ტყვეების საკითხი დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. სომხური მედიის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბრიდან ტყვეების გაცვლის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი მოხდა. უფლებადამცველების მონაცემებით, აზერბაიჯანში რჩება კიდევ 200-მდე სომეხი სამხედრო.
ბოლო დროს პროცესი თითქოს გაიყინა და პროცესში ფასილიტატორების სახით საქართველო და აშშ ჩაერთნენ. კერძოდ, მხარეებს შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი. შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ 12 ივნისს, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს აგდამის რაიონში დანაღმული ტერიტორიების რუქები გადასცა, სადაც დაფიქსირებულია 97 ათასი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ნაღმი.
წარმატებულ მოლაპარაკებას საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებში დადებითი შეფასება მოჰყვა.
მაგალითად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს – დაკავებულთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების მონიშვნას. პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და განაგრძობს დახმარების შეთავაზებას პროგრესის გასაძლიერებლად“.
პირადად საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, „მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში. ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო აახლოებს იმ მშვიდობიანი მომავლისკენ, რომელსაც ისინი იმსახურებენ“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მადლობელი ვართ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს. შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოვლენების ამგვარ განვითარებას და იმედოვნებს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება უფრო მეტ თანამშრომლობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა დაკავებული პირის დაბრუნების მოთხოვნას და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და გადაჭრან მათ შორის არსებული პრობლემები”.
სომხეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, “ჩვენი ძმები საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირის პარტნიორების ძალისხმევით დაგვიბრუნდნენ. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით შევიდნენ, შემდეგ კი ბაგრატაშენის საგუშაგოდან სომხეთში გადმოვიდნენ”.
საკითხს დღეს ეუთოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც ან ლიდემ სოციალურ ქსელში დაწერა, “მივესალმებით 15 დაკავებულის დაბრუნებას და იმ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც ხელს შეუწყობს განაღმვის სამუშაოებს. ნდობის აღდგენის ეს ზომები ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით. მოხარული ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და აშშ-სთან“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ტყვეების დაბრუნება ნანატრი და შესანიშნავი სიახლეა. მისი თქმით, რუსეთი “მხარს ვუჭერთ მხარეთა ასეთ ნაბიჯებს”.
სომხეთის მთავრობის სახელით განცხადება, პრესმდივანმა მანე გევორკიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ერევანში აცხადებენ, აშშ-სა და საქართველოს შუამავლობით განხორციელებული პროცესისთვის მადლობას უხდიან აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობას. ”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხური მხარის მზაობას, ყველა საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით, გავაგრძელოთ ჰუმანიტარული პროცესი და კონსტრუქციული ნაბიჯების განხორციელება”,- დაწერა მან.