სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამშობლოში 15 სამხედროს დაბრუნება, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით მოხდა. ამის შესახებ მან მომხრეებთან გავარში თქვა.
მისივე თქმით, ორი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან ენტონი ბლინკენისგან მიიღო დავალება მიაღწიოს გარღვევას პატიმართა საკითხში.
ფაშინიანის თქმით, რიკერმა თქვა, რომ თუ სომხური მხარე მზად არის თანამშრომლობისთვის, აშშ მზად არის პროცესში ჩაერთოს, რაზეც მან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
“ჩვენი ძმები საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირის პარტნიორების ძალისხმევით დაგვიბრუნდნენ. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით შევიდნენ, შემდეგ კი ბაგრატაშენის საგუშაგოდან სომხეთში გადმოვიდნენ”, – თქვა მან.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ 12 ივნისს, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.