ირაკლი კობახიძე: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად, ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა, დღეს არათუ მინისტრი ვერ მიჰყიდის თავის თავს 1 ლარად სახელმწიფო ქონებას, აუქციონის გარეშე ვერც ერთი ქონება ვერ გაიყიდება და სწორედ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.
„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად ბატონი კახა ბენდუქიძის მოყვანას, საერთოდ არ შევეხებოდი, ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე. ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება. ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი. დღეს იმაზე ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება, რაღაც ოპტიმიზაცია განხორციელდეს. საერთოდ, სახელმწიფომ დაკარგა აგრარული უნივერსიტეტი, 1 ლარად წაიღო ადამიანმა, რომელიც თვითონ მინისტრი იყო. თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად. ბატონი ნიკა ობოლაძე რომ საუბრობდა, თითქოს ჩვენ ხელოვნების დონემდე ავიყვანეთ კორუფცია, ხელოვნების დონემდე ასული კორუფცია იყო თქვენი ყოფილი პარტიის ქვეშ ჩამოყალიბებული. კონკრეტულმა მინისტრმა თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად „ნაცმოძრაობის“ დროს, თქვენ რომ პარტიის წევრი იყავით, აგრარული უნივერსიტეტი. სახელმწიფო ქონება დაიკარგა სახელმწიფოს მხრიდან. სადაც არ წავედით, ერთი მიწის ნაკვეთი იყო ბაზალეთზე, ალტ-ინფო ჩვენ გვადანაშაულებდა ამ მიწის გასვისებაზე უცხოელებზე. მივადექით და აღმოჩნდა, აქაც ხელოვნების დონემდე აყვანილი კორუფცია. მისცეს ეს მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა შუაში იყო, საერთოდ რად უნდოდა, ფიქტიური გარიგება. საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს მიწის ნაკვეთ, რომელმაც ეს მიწის ნაკვეთ მიჰყიდა კახა ბენდუქიძეს. ასევე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გვინდოდა პარკის მოწყობა, მივადექით, ვისი საკუთრებაა – კახა ბენდუქიძის. მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა. ჩვენ ამ მაგალითს გამეორება, რა თქმა უნდა, არ გვინდა. დღეს არათუ მინისტრი ვერ მიჰყიდის თავის თავს 1 ლარად სახელმწიფო ქონებას, აუქციონის გარეშე ვერც ერთი ქონება ვერ გაიყიდება და სწორედ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.