ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას უზრუნველყოფს
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის დამოუკიდებელ ექსპერტიზას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადა.
როგორც თანდილაშვილმა განაცხადა, უწყება მზადაა, “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა, ყველა ის დოკუმენტი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით არსებობს, მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს დოკუმენტები განიხილოს. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მომდევნო პარასკევამდე შედგება ტექნიკური დავალება იმ დამოუკიდებელი ექსპერტისთვის, რომელიც ჩაერთვება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში და რომელიც უზრუნველყოფს გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის დამოუკიდებელ ექსპერტიზას”,- განაცხადა თანდილაშვილმა.