“მოიყვანა 30 კაცი, გაბერა შტატები” – საქპატენტის ხელმძღვანელს ყოფილი თანამშრომელი კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს

{"uid":"C45DD687-1FBB-46FF-92AF-BEFB65F4FF82_1623414734062","source":"other","origin":"unknown"}

საქპატენტის” უკვე ყოფილი თავმჯდომარის მინდია დავითაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი კასრაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ დავითაძე მას უკანონოდ დევნიდა. დეტალების დასაზუსტებლად “კვირა” ირაკლი კასრაძეს დაუკავშირდა. ის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს რამდენიმე მნიშვნელოვან ბრალდებას უყენებს და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღდგა.

ნეპოტიზმი


როგორცკვირასთან” საქპატენტის თანამშრომელი აცხადებს, მინდია დავითაძე პოლიტიკური ნიშნით კი არ გაათავისუფლეს, როგორც ის ახლა ამტკიცებს, არამედ თანამდებობაზე დანიშნეს

კასრაძე ამბობს, რომ დავითაძე მაშინდელი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის კადრი და მისი ხელმძღვანელობით დანიშნული პირი იყო, რომელიც სრულად აპოლიტიკურ სახელმწიფო უწყებაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობდა და უკანონოდ ერეოდა სხვადსხვა დეპარტამენტის საქმიანობაში.

ეს პიროვნება დაინიშნა პოლიტიკურად ამ თანამდებობაზე წინა პრემიერის დროს, ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით. თანაც, სრულიად არაკომპეტენტური და სრულიად გამოუცდელი ამ დარგში. რომ დაინიშნა, გაშალა ფრთები, დაიწყო შინაურების დასაქმება, ნეპოტიზმს რომ ებრძვის ვითომ ნათია მეზვრიშვილი, მისი მეგობრები არიან მოყვანილი ამ სამსახურში თანამდებობებზე, 30 კაცი მოიყვანა, გაბერა შტატები”, – ამბობს კასრაძე.

კორუფცია

ირაკლი კასრაძე “საქპატენტის” უკვე ყოფილ თავმჯდომარეს კორუფციაშიც ადანაშაულებს. “კვირასთან” საუბრისას განმარტავს, რომ დავითაძე სრულად აპოლიტიკურ სახელმწიფო უწყებაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობდა და უკანონოდ ერეოდა სხვადსხვა დეპარტამენტის საქმიანობაში.

“გამოაცხადა არააუცილებელი ტენდერები, ვითომდა, ოფისის გასარემონტებლად, არადა მშვენიერ მდგომარეობაში იყო ჩვენი ოფისი. ამის შემდეგ დაიწყო არსებითი საკითხების “მოგვარება” და დაიწყო ჩარევა დეპარტამენტების საქმიანობაში. საქპატენტი არის აბსოლუტურად აპოლიტიკური ორგანო და არ გვაინტერესებს, ვინ არის განმცხადებელი. მინდია დავითაძემ მთხოვა პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების სიების წარდგენა, როცა წარვუდგინე, ერთი იყო ნაცმოძრაობის ნიშანი და მეორე მთავარი არხის ნიშანი და მთხოვდა მათთვის პრობლემების შექმნას. მე განვუცხადე, რომ ეს უკანონობა და უაზრობა იქნებოდა, თუმცა, ამ პიროვნებამ ვერ გაიგო. შეიძლება, ინტელექტი არ ეყო, შეიძლება, ასეთი დავალება ჰქონდა. რამდენჯერმე ვუთხარი უარი ამ საქმეზე და ამის გამო მოინდომა ჩემი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა. რეალურად, მოშორებას აპირებდა ჩემსას. ამაზეც უარი მიიღო ჩემგან, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი შრომითი უფლებების შევიწროება, გამითიშა ბაზა, რომელიც დღემდე გათიშული მაქვს.

რა თქმა უნდა, დავიწყე სამართლებრივი ბრძოლა. მივმართე პროკურატურას, სასამართლოს, დიპლომატებს, ასევე, სახალხო დამცველსა და შრომის ინსპექციას. სახალხო დამცველის აპარატმა და შრომის ინსპექციის სამსახურმაც ჩემ სასარგებლოდ გამოიტანეს დასკვნები. დაადგინეს, რომ მართლაც ირღვეოდა ჩემი შრომითი უფლებები. ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ მარტო მე კი არ ვიყავი ასე, კიდევ ბევრი თანამშრომელი გაუშვა სახლში, აღარ მინდა, აქ რომ მუშაობდეთო  – უთხრა, დააწერინა განცხადებები და გაუშვა სამსახურიდან.
საბოლოოდ, ამ პიროვნების საქმიანობის შედეგი იყო მისი თანამდებობიდან გაშვება და არავითარი პოლიტიკური სარჩული არ აქვს”, – ამბობს ირაკლი კასრაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ორგანიზაციაში შემოწმების მიზნით შევიდა შრომის ინსპექციის სამსახური, რომელმაც მინდია დავითაძეს ორი მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოუჩინა.
როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი da 24-ე მუხლის მე-11 პუნქტი.

ამის პარალელურად, მინდია დავითაძე გათავისუფლებას “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხაზს უსვამს, რომ ის 2020 წლის თებერვალში  4 წლის ვადით გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მინდია დავითაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 9 ივნისს გათავისუფლდა.

ამასთან, „კვირას“ ინფორმაციით, დღეს თანამდებობიდან გადადგა მინდია დავითაძის მოადგილეც, დავით ნაღებაშვილი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მეუღლეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები