ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ აუცილებელია
“ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ აუცილებელია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი, არავინ იცის; ამიტომ, ვაქცინაცია აუცილებელია.
„ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით გადატანილ ინფექციას კარგი იმუნიტეტი აქვს და დღეს მასობრივად არ გვხვდება, რომ ადამიანები ადვილად რეინფიცირებას განიცდიდნენ, თუმცა, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომლებიც საქართველოში დაფიქსირდა, ზოგიერთი მათგანი 2-3 თვეშიც კი მოხდა. შესაბამისად, რადგან არავის აქვს გარანტია გადატანილი ვირუსის დროს მყარი იმუნიტეტის არსებობის და როდის განილევა ეს იმუნიტეტი, არავინ იცის, ამიტომ, ვაქცინაცია ინფიცირების შემდეგ აუცილებელია. საქართველოში ასეთი ადამიანებისთვის 120-დღიანი პერიოდია აღებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.