არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება

“მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიშელის შეთანხმების მიხედვით, ამნისტია ყველას უნდა შეეხოს და ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს.

„მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია არცერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა იყოს მიღებული. იგი ყველას უნდა შეეხოს და უნდა შეძლოს ამ უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ანუ ამ საკითხის დახურვა, რათა მომავალში 20-21 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების საგანი აღარ იყოს. ეს არის შეთანხმების არსი ამ პუნქტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ და სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და არც დღეს არ გახლავთ მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ვინმემ თქვას, ეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ამიტომ ვიღებთ. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

9 ივნისს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები