არჩილ თალაკვაძე: ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით უნდა დაიწყოს
ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.
„იცით, რომ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ სწორედ ეს, რაც კომიტეტებს უკავშირდება. თუმცა ასევე ძალიან კარგად იცით, რომ მიშელის შეთანხმების განხორციელებას სჭირდება ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ჯერჯერობით, როდესაც ოპოზიციის დიდ ნაწილს და ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, ხელი არ აქვს მოწერილი მიშელის შეთანხმებაზე, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ვნახოთ, საბოლოო პოზიცია რა იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ვალდებული არიან და უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომ ამ თემაზე სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით დაიწყოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პრინციპული მზადყოფნა, სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი და მზად ვართ ამ თემაზე კონსულტაციებისთვის, როგორც კი ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა იქნება დაფიქსირებული მიშელის შეთანხმებაზე. საბოლოოდ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მოაწერს ხელს მიშელის შეთანხმებას, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების პოზიცია, მათი დამოკიდებულება და მათი შეფასება შემდგომი კონსულტაციების პროცესთან დაკავშირებით. უსამართლობა იქნება, რომ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები და ის პარტია, რომელიც შეიძლება, გაემიჯნოს შეთანხმებას და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მედიაციის შეთანხმებულ პრინციპებს, ისინი ჩავაყენოთ მიშელის შეთანხმების ფარგლებში ერთსა და იმავე პირობებში. ალბათ ეს იქნება უსამართლო, თუმცა ამაზე თვითონ ოპოზიციის დამოკიდებულება ჩემთვის საინტერესოა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელმომწერი პარტიები და არახელმომწერი პარტიები, როდესაც საქმე ეხება მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ პრივილეგიებს და პირობებს, თანაბარ პირობებში არიან? შეთანხმებას ვინც არ აწერს ხელს, იმან უნდა ისარგებლოს თუ არა მიშელის შეთანხმებით მოცემული პირობებით? რადგან ეს კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, ვიდრე ოპოზიცია გაერკვევა ამ საკითხებზე, რა არის პასუხები, თორემ ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.