ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება დაიწყო
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება დაიწყო.
ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
„მე, როგორც თბილისის მერსა და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეები ჩნდება და მიმდინარეობს სპორტული სტადიონებისა და სკვერების რეაბილიტაცია. მიმდინარე პროექტია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის პარკის რეაბილიტაცია და განახლება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამ პარკის ფართობი დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამჟამად, იცვლება საფეხმავლო საფარი და პანდუსები. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბაღე ფურნიტურა განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე არეალის მოცულობა იზრდება. გარდა ამისა, იგეგმება საბავშვო მოედნის განახლება, სასმელი წყლის სოკოსა და განათების სისტემის მონტაჟი. სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემა, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ახალი მწვანე ნარგავი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.