კახა კუჭავა: საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ არის საკითხები, რომელიც გვაერთიანებს
„საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომელთა გარშემო ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, გავერთიანდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი მალე გახდება, რადგან ქვეყანა ამისთვის მზად არის და არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნებაც.
„ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება, მოაწეროს ხელი. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომელთა გარშემო ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, გავერთიანდეთ, საკითხი რომელიც ყველას ინტერესებში შედის, საკითხი, რომელიც მთლიანად ჩვენი ერის ჩვენი ხალხის არჩევანია.
არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზად არის, ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს. მოვისმინეთ ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამის პოლიტიკური ნება არსებობს და დღეს კიდევ ერთხელ ფიქსირდება ყველა საპარლამენტო პარტიის ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომ ამ საკითხში ნამდვილად ერთსულოვნები ვართ და ნამდვილად მივაღწევთ ამ ერთიანობით ამ მიზანს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატო-სადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად. ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად.