შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ემხილებინა, რომ გახარიას გუნდის მხრიდან მისი სახელის გამოყენება ხდება

ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ემხილებინა, რომ გახარიას გუნდის მხრიდან მისი სახელის გამოყენება ხდება, რათა ადამიანები საკუთარ აქტივში მოიზიდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია „ამხილა“.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს, როგორც ჩანს, ისეთ ზღვრამდე მივიდა გიორგი გახარიას და მის გუნდის ქცევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ამას გამოპასუხებოდა იმ კუთხით, რომ ემხილებინა ერთი მხრივ ის, რომ ხდება მისი სახელის გამოყენება გიორგი გახარიას გუნდის მხრიდან იმისთვის, რომ მოიზიდონ ადამიანები საკუთარ აქტივში და ამას აეხადა საბოლოოდ ფარდა და მეორე, ასევე ის ქცევა, რომელიც მისი მხრიდან იყო თებერვალში, კიდევ ერთხელ შეფასდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

გუნდში იყო სხვადასხვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით იმუნიტეტის შეწყვეტა ღირდა თუ არ ღირდა, სწორედ ამიტომ შედგა უმრავლესობის სხდომა, სადაც გიორგი გახარია იყო მოწვეული. ის არწმუნებდა უმრავლესობის წევრებს, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო იმუნიტეტის შეწყვეტა, რასაც ყველა ვხვდებოდით, რა მოყვებოდა შემდეგ- ნიკა მელიას დაპატიმრება. შესაბამისად, რამდენიმე საათში შეიცვალა აზრი და დღემდე დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ შეიცვალა აზრი. მის გადაწყვეტილებას მხოლოდ 2 ახსნა აქვს, ერთი არის ის, რომ ის გაექცა პასუხისმგებლობას ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და მეორე, ეს იყო წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილი. ეს ორი ვარიანტია, სხვა ვარიანტი არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები