„ჩემი გოგოცუნები უფრო მეტად  ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენება“ – პანდემია, ფანტაზია და დიდი სიყვარულით შექმნილი მინიატურული საკიდი თოჯინები

ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ თოჯინების კეთება შემთხვევით დაიწყო, როდესაც იტალიელი ქალბატონის ვიდეო ნახა ინტერნეტში. მალე თოჯინის ბროშის შექმნამაც დააინტერესა და ასე დაიბადა მრავალი ლამაზი ორიგინალური საკიდი თოჯინა. ამბობს, რომ მისი თოჯინები უფრო მეტად  ინტერიერის გასალმაზებლად გამოიყენება.
გამოფენასაც აპირებდა, მაგრამ პანდემიის გამო გეგმები შეეცვალა. სამომავლოდ მრავალ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს. – მეთოჯინე ქეთი არევაძის პერსონა.
– დავიბადე 1976 წელს ხარაგაულის რაიონში, ხარაგაულში დავამთავრე საჯარო სკოლა.
ბავშვობის  მეგობრები ამბობენ, რომ მიყვარდა ლამაზი ბეჭდების კეთება და მათ ვჩუქნიდი, მახსოვს, ქარგვა მიყვარდა და ხშირად ვქარგავდი. დედას ქსოვა უყვარდა და მასწავლიდა, ბებო  ხელით, საკერავი მანქანის გარეშე კერავდა და ალბათ გენეტიკურად გადმომყვა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. მალე დედა გარდამეცვალა, მე და ჩემი ძმა რუსთავში მამიდასთან ვცხოვრობდით. მალე მამაც გარდაიცვალა.
– თოჯინების კეთება  2018 წელს შემთხვევით დაიწყეთ…
– 2018 წელს სკოლაში  ჩემს გოგონას დაავალეს, რამე ხელნაკეთი ცხოველი შეექმნა. დავიწყე ძიება, „იუთუბიზე“ შემთხვევით ვნახე იტალიელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც ქმნიდა თოჯინებს.
მას მერე დავკარგე მოსვენება. ეს ქალბატონი იტალიურად საუბრობდა და არ მესმოდა, რას ამბობდა, მაგრამ ამას არ შევუფერხებივარ. მუნჯურად ვუსმენდი მის საოცარ ვიდეოებს და დავიწყე ფიქრი,  როგორ შემექმნა დაახლოებით მისი მსგავსი თოჯინა.
დავიწყე სრულიად განსხვავებული თოჯინების კერვა, შევქმენი გვერდი და გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
– ამ ბოლო დროს ქმნით თოჯინის ბროშებს, გასაღების საკიდებს, მანქანის ბროშებს… რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს… რატომ მიანიჭეთ უპირატესობა ბროშებს?
– მეგობარმა მთხოვა მცირე ზომის თოჯინა-ბროშის შექმნა, ვცადე და პატარა საყვარელი თოჯინა-ბროში გამოვიდა.
მე არ ვხმარობ ბროშებს და დამებადა იდეა, რომ შემექმნა ისეთი რამ, რასაც ის ადამიანებიც გამოიყენებდნენ, რომლებიც არ ხმარობენ ბროშებს. ასე დავამზადე მანქანისა და გასაღების საკიდი თოჯინები.
– რამხელაა ზომით თქვენი საკიდი თოჯინები (ყველაზე პატარა) და უფრო ხშირად როგორ ბროშებზეა შეკვეთა?
– ყველაზე პატარა ბროში 15 სმ-ისაა. თოჯინები 35 სმ-დან 55 სმ-მდეა. მომხმარებელი უფრო მეტად ჩემ მიერ შეთავაზებულ ფერებსა და მოდელებს მიკვეთავს.
– როგორ აფორმებთ თოჯინებს, რა მასალას იყენებთ? რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი ნახელავი ორიგინალური იყოს და სხვებს არ ჰგავდეს?
– ძალიან მიყვარს წული, მაქმანი და ნატურალური ქსოვილები, ლენტები. წული, ნაჭერი და მაქმანი ერთად უნდა დავდო და აღვიქვა, რა და როგორ გავიაზრო, გონებაში მოვარგო ერთმანეთს. ნაჭრის დანახვისას უკვე იწყება ფიქრი…
ჩემი გოგოცუნები გაპრანჭულები არიან, ისინი უფრო მეტად  ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენება. პატარა ასაკის  ბავშვები ვერ ითამაშებენ.
მიყვარს ეს საქმე და ძალიან დიდი სიყვარულით ვაკეთებ.
ჩემი თოჯინები განსხვავებულები არიან, ვცდილობ, დროის განმავლობაში დავხვეწო, რომ არავის ჰგავდნენ და თითოეული მხოლოდ ჩემეული იყოს.
– პანდემია… როგორ აისახა თქვენს მუშაობაზე?
– პანდემიამ შეცვალა ჩვეული დღის რეჟიმი, ამოატრიალა ყველაფერი. მაგრამ ამ დროს ბევრი იდეა გაჩნდა, დავიწყე ბაჭიების კერვა, რომლებითაც პატარებსაც შეუძლიათ თამაში, გავიხსენე ქარგვა…
– ჰობი…
–  ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ერთი შვილი. რომ არა მეუღლის გვერდში დგომა,  ვერ შევძლებდი იმას, რასაც დღეს  ვქმნი.
ჩემი ოჯახის წევრების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირველი შემფასებლებიც, რა თქმა უნდა, ისინი არიან და ჩემი მეგობარი, რომელთანაც იგზავნება ჩემი ნამუშევრის პირველი ფოტო…
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– ვგეგმავდი გამოფენას, მაგრამ პანდემიის გამო, სამწუხაროდ, გეგმები შეიცვალა. იდეები ბევრია, მთავარია შევძლო განხორციელება. სულ ძიებაში ვარ, მჭირდება ოთხი ხელი და თვალი, რომ შევძლო და დროში ჩავეტიო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები