კახა კუჭავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა მიმოიხილეს და ამ ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრის დასასრულ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთს ეწვევა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.