ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიისა და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
სამინისტროს ცნობით, ყველა ღონისძიება ზემოაღნიშნული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც.
ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდურად აგრძელებენ მუშაობას.
დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს. სპეციალისტები აფასებენ არასრულწლოვნების მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ თავისებურებებსა და მათ განვითარებას. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განთავსება კოორდინირებულად მიმდინარეობს.
ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, ნინოწმინდის პანსიონატიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კონკრეტულ მედია საშუალებაში გასული სიუჟეტები, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულება, უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის, მედიას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყველა მედია საშუალებას პროაქტიულად აწვდის. ამავდროულად, შესაბამისი განცხადებები უწყების ოფიციალურ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.